ბასტერ სკრაგზის ბალადა The Ballad of Buster Scruggs


ვფიქრობ,  ამ ფილმში კოენების კინო ენა მაქსიმალურ გამომსახველობას აღწევს.
ალბათ, დღეს  ეს არის მსოფლიო კინომატოგრაფიის ავანგარდი.
რაღაც ისეთი მგრძნობელობა ჩანს ამ ფილმში, რაც ახალია.
და ეს განპირობებულია თანამედროვე ვიდეო აპარატურის, იგივე, მეცნიერული საოცრებების ზუსტი და შინაარსობრივი გამოყენებით. ძალიან რთულია კინო ენის სტრუქტურის მოდუსი ვიდეოს ხარისხს დაამთხვიო. აქ თავად გამოსახულებები ქმნიან შინაარსებს და ვერ გაიგებ ეს ინსცენირებაა თუ დოკუმენტური რეალობა რომელიც კამერამ ასახა.

მაგალითად: მომენტი სადაც შველი შემოდის კადრში და მოძრაობს, შეუძლებელია იყოს რაიმენაირად დადგმული. და ამავედროს ეს შველი ნაწილია იმ ვიდეოსა და ადგილის სადაც მსახიობი შემოდის ისე როგორც შველი შემოვიდა. სინამდვილის განცდას ადასტურებს რეალობის ჰიპერრეალისტური ასახვა. ასევე,  კადრი სადაც მზერა იხრება საფლავისთვის გათხრილ მიწაზე იმდენად რეალურია რომ ეს უკვე აღარ არის პირობითად ,,ორმო'' როგორიც ის შეიძლებოდა ტექსტში ყოფილიყო. თითქოს აღარაფერია პირობითი და ეს ყველაფერი შეგიძლია ნამდვილად ნახო.


რაც შეეხება შინაარს, აქაც ძალიან შეცვლილია კლასიკური გაგების დრამატურგია. მთლიანობაში სათქმელი და იდეაც იმდენად დახვეწილია რომ საერთოდ არ ღირს ამის ჟუნალისტიკური მიმოხილვა. მოგერიდება ადამიანს სიტყვები დახარჯო და პირობითი გახადო ის, რაც ნამდვილია შინაარსში და  სხვასაც შეუძლია შენსავით უშუალოდ იხილოს.  ალბათ, მომავლის ხელოვნება იმ გაგებით განისაზღვრება თუ რამდენად უადგილო და ზედმეტი იქნება მისი ჟურნალისტიკური ენით აღწერა. 
 ახალი მედიუმები ისეთ რეალობას პრეზენტირებენ, როგორიც ადრე მხოლოდ ყოფიერებიდან განიხმებოდა.

ხეიბარი მსახიობი უყურებს დათოვლილ გორებს და ამ დროს ვიდეოს უმაღლესი ხარისხი შენი მზერის ყურადღებასაც იბყრობს. შენ აკვირდები ამ გარემოს ისე როგორც რეალურ სამყაროში და ქრება მანძილი შენს თვალებსა და პერსონაჟის დაჟინებულ მზერას შორის. ამაზე უფრო მაღალი პოეტურობა რთულად შეიძლება ნახო კინომატოგრაფიაში.


Comments