სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა The House That Jack Built




დიდაქტიკური კინოა. კინო ენის თვალსაზრისით ძალიან მომეწონა. მოქმედება და ვიდეოს შინაარსი ერთმანეთს თანაბრად მიყვება. ფილოსოფიური გაანალიზებები რაც დოკუმენტურ კადრებად აქვს ფილმს, შეიძლებოდა არც გაკეთებულიყო. თუმცა არ უშლის ხელს.
დეტალური განხილვა და ფიქრი ჯეკის სახლზე თითქოს არც მინდება დასასრულის შთაბეჭდილების გამო.
ჯეკის ვარდნა პირდაპირ ამბობს პასუხს ძალადობის არასწორობაზე და სახლის ამბავის შინაარსი თითქოს აქ იკვეცება (თუმცა...)
სალაპარაკო თემა უნდა იყოს მომენტი როცა ჯეკი აგინებს ამ მშვენიერ ქვეყანას, სადაც არავინ არ ეხმარება მსხვერპლს რამდენიც არ უნდა იყვიროს. ამით რეჟისორი ამბობს რომ საზოგადოება ინდიფერენტულია ბოროტების მიმართ. ამიტომ ჯეკს ყველაფერი გამოსდის და პოტენციურმა მკვლელმა შეიძლება ისე დახოცოს 61 ადამიანი რომ ვერავინ შეამჩნიოს. შეიძლება ითქვას, ჯეკი უსმენს საზოგადოებას და რახან მას შეუძლია ბოროტების ჩადენა ისე რომ ვერავინ შეამჩნიოს, ამას ჩადის კიდეც.

როცა კაცები ცელავდნენ მინდორს, ჯეკმა ბავშვობაში ბატს ფეხი მოაჭრა, ისე რომ ვერავინ დაინახა. ალბათ ეს ამბავი რომ ბატმა ხმა ვერავის გააგონა , მის ქვეცნობიერში ღმარდ დაითესა. მას შეეძლო ჩაედინა ბოროტება დაუსჯელად.
 აქ შეიძლება მიმესისზეც ვიფიქროთ, ჯეკი ხედავს რომ კაცები ცელავენ ბალახს. ის ბაძავს მათ,  მათგან სწავლობს რა არის ჭრა და ისიც გადაჭრის ბატის ფეხს...

 უნდა ვაღიარო რომ ამდენად ღრმა დისკურსის ფილმი კარგახანია არ მინახავს.
ფილოსოფიური მსჯელობის საგანი ხდება ჩემთვის ჯეკის ლტოლვა გვამებისადმი. ის ფიქრობს რომ გვამი ხრწნადი მასალაა და ის სიცოცხლეს აგრძელებს. ის ფიქრობს რომ რეალური ცხოვრება სხეულის სიკვდილის შემდეგ იწყება. როცა ის იხრწნება. ამაშია ქმედების მეტაფიზიკური შინაარსი.                                                                                 
ჯეკს ონტოლოგიური ლტოლვა აქვს სხეულის მიმართ.
აქ პარმენიდეს დოქტრინა რომ გავიხსენოთ- ,,ყოფნა არის ყოფნა, ყოფნა არ შეიძლება არ იყოს''- შეიძლება ვიფიქროთ რომ ,,ბატონი დახვეწილობა'' ვერ დაუშვებს საკუთარ თავს განუსხვავდეს და გაიგოს თავისი არყოფნა. აქ ონტოლოგიის შინაარსი უკიდურეს ფორმას იძენს. ჯეკი თითქოს იმიტომ კლავს რომ განწმინდოს სხეულები მათი მოძრაობისა და სიცოხლის შესაძლებლობისგან, (გაყინოს ისინი) და უფრო ნამდვილი ცხოვრება მისცეს მათ. ის სხეულს განიხილავს მთლიან მასალად, რომლითაც შეიძლება სახლი ააშენო. თითქოს მოკვდინებით ჯეკი ადამიანურ სისულელეს სპობს. მას მიაჩნია რომ ქალები სულელები არიან და შესაბამისად მათი მოკვლაც შეიძლება.

ამის საწინააღმდეგოდ, ჰერაკლიტეს მოძღვრება რომ ყველაფერში სიმრავლე დაპირისპირება, პაექრობა, ომი, საწინააღმდეგოთა მოძრაობაა, უფრო ჰუმანურად ჟღერს და ესაა ალოგიკური ლოგიკა.
ტრიერს რისი თქმა სურდა ძნელი სათქმელი, თუმცა ის აჩვენებს თუ როგორ ვერ უწევენ წინააღმდეგობას ადამიანები ბოროტებას და ეს თავისით ხდება. ყოფნა ჯეკის მხარესაა. აქ, თითქოს, საუბარია იმაზე რომ ადამიანმა ომის, ბრძოლის უნარი დაკარგა. რაც ინარჩუნებდა მის სიცოცხლეს.
და პრობლემა იმაშია რომ ჯეკს ხელოვანის ელემენტი გააჩნია.
ეს მომენტი თითქოს შემაძრწუნებელი შინაარსია.
აქ ვლინდება ზუსტად ,,პოეტიკის'' სისწორე, რომ ხელოვნება იდეისგან დაშორება კი არა, დამოუკიდებელი შინაარსია, რომელსაც ადამიანი ქმნის. ამიტომ ვერ შეჯერდა ჯეკი სახლის მასალაზე რომ შეუძლებელი იყო სახლის იდეა არ დაკარგულიყო მის რეალიზებაში. იდეალურ სახლს ჯეკი ვერ ააშენებდა.                           
აქ თითქოს, ტრიერი საუბრობს იმაზე რომ ხელოვნების შინაარსი არ უნდა გამოვიყენოთ რეალობის ასაშენებლად. ხელოვნებასა და რეალურ სამყაროს შორის აცდენა უნდა დავტოვოთ.
აქაა გაუგებრობა ონტოლოგიასა და ეპისტემოლოგიას შორის. ,,კოპერნიკისებური გადატრიალება'', რაც ემპირიზმისგან აშორებს და რაციონალურს ხდის ადამიანს, მისივე ღირებულებად წარმოადვიდგება.
ტრიერს აშკარად აწუხებს ეს პრობლემა და ადამიანის მორალური ღირებულებისაგან დაცლილი საზოგადოების ბედი.


ჩემი რეფლექსიები და კომენტარი:

მომენტი როცა ჯეკი არ ენდობა გონებას, ყველაფერს ცხადყოფს. მას ემპირიული გამოცდილება ჭირდება რომ სისხლის ყველა წვეთი გაწმინდა. ეს ვიდეო შინაარსია ფილმში და თავის თავში უსასრულოდ სანახაობრივი და განმეორებადი სინამდვილეა. იმ გაგებით, რომ კინო ენის მიმართ ლეგიტიმურ ეჭვში ნამდვილია ის აზრი რომ ჯეკს მართლაც დარჩა სადმე სისხლის ლაქა. ჩვენ ხომ არ ვიცით კადრის მიღმა რა რჩება. ამიტომ ეს არ ცოდნა თანხმობაცაა იმაზე რომ გვაინტერესებდეს ემპირიულად უსასრულოდ დაგვანახოს კადრმა რეალობა. თან კადრში ჩვენ ვხედავთ ჯეკის წარმოსახვას სისხლის ლაქებზე, და რახან ჩვენ ვხედავთ იქ ლაქებს, ერთი და იგივე საგნებზე, ჩვენვე ვინტერესდებით შევიდეთ ოთახში და შევამოწმოთ.

აქ ფილმი განყენებულ სიუჟეტად არ მოიაზრება და მაყურებელი თანამონაწილე ხდება მკვლელის ქმედების. შეიძლება ითქვას რომ ჩვენთვის უფრო ნამდვილია სისხლის ლაქები იმიტომ რომ ჩვენ უფრო ზუსტი ვიდეო ვნახეთ, ვიდრე ჯეკი წარმოისახავდა. წინასწარ გვაჩვენებენ ლაქებს და შემდეგ ის იქ არ არის. ამ პასაჟში ბოლომდე ვლინდება ტრიერის სათქმელი. ემპირიული გამოცდილება რასაც თვითონვე გვაწვდის ვიდეო კადრებად, ყოველ ჯერზე სიცრუე აღმოჩნდება. აქ ჩვენ ვენდობით იმას რაც ვნახეთ წინმსწრებად და თითქოს იმედი გვიცრუვდება რომ ჯეკმა ვერ იპოვა სისხლის ლაქები. იქნებ ბევრი ცდის შემდეგ სადმე მაინც ნახოსო, ვფიქრობთ. ესიგი მკვლელობა უბრალოდ დანაშაულის აქტი აღარ არის ჯეკისთვის. ის არ იმალება, იმდენჯერ შედის მსხვერპლის სახლში რომ აზრს კარგავს მოქმედების, მოძრაობის მენტალურობა. თითქოს ყველაფერი დიდ ერთ მთლიანობაში იდღაბნება როგორც უსასრულოდ ბევრი კვალი სადაც არცერთი კვალი არ გაიყოფა ერთმანეთისგან.

 პოლიციელი შემოდის და არაფერი არ ხდება, ჯეკი პოლიციელის  ცხვირწინ გვამს მანქანას მოაბამს და გაიქცევა.  წვიმა კი სისხლის კვალსად გადღაბნის და წაშლის. მოქმედებას არ აქვს მხოლოდ ერთი კონტური და შესაბამისად აღარაფერია დაუჯერებელი ან დასაჯერებელი. თითქოს ყველაფერი ასეც უნდ აიყოს. ეს ვიდეო ჯეკის აზროვნებას ასახიერებს. მაყურებლის შეცბუნება სურათის უკან არარსებულ სისხლის ლაქებთან ერთადაა. გარდა ამისა, ჯეკი ხომ ინჟინერია, ის ამბობს რომ ინჟინერი არის ხელოვანი და არა არქიტექტორი. ჯეკი არ არის რაციონალური, მას არ შეუძლია იმუშაოს მხოლოდ იდეებთან და ნახაზად დატოვოს ისინი.

 ვერ ვიტყოდი რომ ხელოვანის ყოველგვარ ქცევას ამართლებს ტრიერი. ბოლოს როცა ჯეკი ვარდება, ამ ვარდნაში ჩანს რომ ბოროტება წრეზე ვერ გადავა. ხიდი რომელიც მან ჩატეხა რეალურია და სხვა გზით ვერ წავა. ეს დიდაქტიკური შეგონებაა. შეიძლება ყველაფერი გამოგვივიდეს მაგრამ საბედისწეროდ აუცილებლად ვერ გამოგივა იყო ყოვლისშემძლე და ჩავარდები. ამ ვარდნაში ყველა არშემდგარი ხელოვანი იგულისხმება, არშემდგარი ხელოვნია ჰიტლერი, ნერონი და ჰელიოგაბალუსიც. ჩემი ტექსტის შნაარსი იმაში მდგომარეობს ზუსტად, რომ ონტოლოგიის ასეთი რადიკალური გაგება თვითდესტრუქციულია. შეიძლება ამ ფილმის პოსტულატიც ეს იყოს რომ ხელოვნების სახელოთ სისასტიკის ჩადენა თვითდესტრუქციულია. პრობლემის ორმაგ სახეს აჩვენებს ტრიერი. ერთი პრობლემა საზოგადოებას აქვს ჯეკისგან, მეორე პრობლემა აქვს ჯეკს საკუთარი თავისგან.
................................................

 ვლინდება უსასრულო აცდენა წარმოსახვასა და რეალობას შორის. ჯეკი გოგონას მკერდზე ხაზებს ავლებს, ეთამაშება, თითქოს აქ საგანგაშო არაფერია, რადგან ქალი ნებდება. მაგრამ მას არ შეუძლია წარმოისახოს ეს თამაში. ჯეკი ვერასოდეს იქნება დაუინტერესებელ ჭვრეტაში. მან აუცილებლად უნდა განახორციელოს ყველაფერი. აუცილებლად უნდა მოაჭრას მკერდი. და აქ არის საუბარი წარმოსახვის ნაკლებობაზე, ფანტაზიის ნაკლებობაზე, რაც თავადაა ადამიანი თავის სიკეთეში. ამიტომ არის ჯეკი უკიდურესად ბოროტი. მისთვის სინათლე სიბნელეა. გონების მეტაფორა მისთვის მხოლოდ შავი ლაქაა...

სახლი რომელიც ადამიანებით ააშენა არ ითხოვდა ნახაზს. რათქმაუნდა ეს უფრო შემოქმედებითი პროცესი იყო ვიდრე გეგმით მუშაობა. შემოქმედებითი აქტივობა აქ იძენს მნიშვნელობას. მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ხდება უმნიშვნელო და ის მხოლოდ მასალად მოიაზრება.  ასე თუ შევხედავთ ხელოვნების კონცეპტი უდიდესი ბოროტების წყაროც შეიძლება იყოს. ეს კონცეპტი ადამიანების სხეულით აშენებული სახლის სუსტი გადაწყვეტაა გამოდის( თუ ეს სახლია),   რადგან პრიმიტიული სახლის იმიტაციას გავს ეს სხეულების ხროვა და სახლის იდეა მაინც ვერ აშენდება ასე. ანუ რა არის მნიშვნელოვანი, სახლი თუ მასალა. თუ სახლია, არც სახლია ბოლომდე, თუ მხოლოდ მასალაა არც მასალაა ბოლომდე, იმიტომ რომ იდეის ფორმით, იგივე, სახლის იდეის ფორმით არის აღნიშნული ეს გვამები. ანუ ჯეკმა ბოლო ,,სახლი''  ვერ ააშენა.   ეს კი უფრო სერიოზული შნაარსია, ადამიანის შეუძლებლობის. ის ქმნის მხოლოდ სახლის სიმბოლოს...
 ტრიერი ამბობს რომ ყველაფერი შეუძლებელია რის განხორციელებასაც რეალურად ვცდით. და ეს რეპლიკაა ტრიერისგან თავის  ,,მელანქოლიაზე''.  ხის ჯოხებით აგებულ კარავზე რომელიც მხოლოდ სიმბოლოა გარდაუვალი დასასრულის წინააღმდეგ.                                                                                 

Comments