წმინდა ირმის მკვლელობა The Killing of a Sacred Deer






წელს მეორედ ვნახე ეს ფილმი.
ეს არის თანამედროვეობის პრობლემიდან შექმნილი იგავი. სცენარისტი ხელმძღვანელობს ბერძნული ტრაგედიებიდან და მითებიდან.
ტრაგედიები კი არ ასახავდა იმ სამყაროს რაშიც იქმნებოდა ის, არამედ ტრაგედია ქმნიდა აზროვნების კონტურებს ამ სამყაროსთვის.

ფილმის მთავარი პერსონაჟი ქირურგია, მეცნიერი.
შეილება ითქვას, რომ თანამედროვე ,,აგამემნონია''.
ოღონდ, მათ შორის პარადიგმული განსხვავებაა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აგამემნონი როცა კლავს ირემს, იტყვის, იმდენად ზუსტად ვტყორცნე არტემიდეც კი ვერ მაჯობებდაო.
ეს დატრაბახება საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.
განრისხებულმა არტემიდემ მას მოსთხოვა იფიგენია(შვილი) შეეწირა მსხვერპლად, თორემ ტროას ომში დამარცხებით დაემუქრა. მოკლედ, ამ ყველაფერს მოყვა ცოლის შურისძიება მასზე და მისი სიკვდილი. აგაგმემნონი შეეწირა თავის მონდომებას, გადაელახა ზღვარი იმ რეალობის რის იქითაც ღმერთების კომპეტენცია იწყებოდა.

ნადირობა როგორც ფენომენი იმპლემენტაციის უშუალო ქმედებაა. ესე იგი ადამიანს არ ქონდა ,,უფლება'' ღმერთებისგან რომ შეძლებოდა ყოფილიყო უცდომელი და რაღაც გაეკეთებინა იმაზე კარგად ვიდრე ამას ,,ღმერთები'' შეძლებდნენ.
მეცნიერება როგორც ცოდნა რაიმეს რეალობაში განხორციელების არ იყო ადამიანის ხელში. ყველაფერს ანხორციელებდნენ ღმერთები.
და კაცმა რომ თქვას, ეს პარადიგმა პლატონის ფილოსოიასაც განსაზღვრავს. რისი რეზულტატიც ჭეშმარიტების დიალექტიკურად დადგინებაა და არა იმპლემენტირებულად. 

თითქოს ადამიანმა მხოლდ შეიძლება ისაუბროს და ღმერთებმა უნდა განაგონ, განსაზღვრონ ადამიანის შესაძლებლობები.
რაც შეეხება ფილმის მთავარ პერსონაჟს, ექიმს და ქირურგს. მისი მთავარი შეცდომა რის გამოც ის დაისაჯა იმპლემენტაციის გაცუდებაა და არა მისი სიზუსტე.
სიმთვრალის გამო ჩადენილი შეცდომა.
რეჟისორის ეს მიგნება, აშკარად დამაფიქრებელია.
თანამედროვე ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა თავად ეკეთებინა ყველაფერი და შეექმნა თავისი ახალი რეალობა.                       
ჩემი აზრით, მთავარი სათქმელი ამ ფილმის არის ის რომ დღევანდელ და მომავლის ადამიანს აღარ აქვს უფლება დაუშვას შეცდომები. ეს არის მისი სასჯელი და ბედისწერა.
განსხვავებით ანტიკური ადამიანისგან, რომელსაც შეცდომა აუცილებლად უნდა დაეშვა. ძალიან ბუნებრივი იყო მისთვის შეცდომა და ნაკლულობა. რითაც ძველი პარადიგმის ადამიანი გაცილებით უფრო ადამიანური იყო.
ახალი პარადიგმის ადამიანი მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე ყალიბდება და მისი არსებობა გულისხმობს იმ ზღვრის პერმანენტულ დარღვევას რასაც ვერ არღვევდნენ ძველი დროის ადამიანები.

ამ ფილმში იგავის ენით არის მოყოლილი ამბავი იმ ხიფათის შესახებ რაც დღევანდელმა ადამიანმა შეიძლება დამართოს საკუთარ თავს.
ხოლო საფრთხე, ხიფათი და საშიშროება გაცილებით უფრო შენიღბული და პარანორმალურია ვიდრე ეს მითოლოგიის სამყაროში იყო, სადაც ყველაფერი რომელიმე ღმერთს დაბრალდებოდა.


Comments