ტვინ პიქსი, ტელე სერიალი Twin Peaks TV Series





 ტექსტი დაიწერა ბოლო სეზონის გამოსვლამდე.

ისე მოხდა, რომ ახლა ვნახე ეს სერიალი, და ახალი სეზონიც წელს გამოდის, 25 წლის შემდეგ. კაცმა რომ თქვას, მთელი 25 წელი ლოდინი არ მომიწია, მაგრამ სიგიჟე ისაა რომ სერიალის ბოლოს, როგორც ერთ პერსონაჟი აანონსებს 25 წლის მერე შევხვდებითო, ეს მართლაც ასე ხდება.
სიუჟეტის რეალურობას 25 წლის შემდეგ შეხვედრის კონცეპტი რაღაც საბედისწერო სინამდვილეს მატებს. შეიძლება ითქვას, ასე მძაფრად არსად არ მინახავს სცენარი ბასრავეს პერსონაჟების  ბედისწერას. ყველა მსახიობი იდეალურად თამაშობს და ვერც იგებ ეს თამაშია თუ მათი ცხოვრება. რა განსაზღვრავს მათ ბედს?!
ლინჩის გენიალურობას ავლენს არამხოლოდ სცენარში, არამედ თვითონ კადრით აზროვნებაში. სიზმრების, მისტიკური ხილვების რეალურობა ვიდეო არტის სინამდვილით მოდის შეგრძნებამდე. ლინჩი აზროვნებს წმინდად მიმეზისური შინაარსებით. ალეგორიული ამონახსნები აქ არ არსებობს, რადგან თავად ეს ვიდეო ხდება შინაარსობრივი შეგრძნების მიმეზისურ ველში, რისი დეკონსტრუქციაც შეუძლებელია, რადგან ამ ვიდეომისტიკური ხილვების გენეზისი თავად ჩვენი სიგიჟის ზღვარია, რისი დეკონსტრუქციაც უარყოფა იქნებოდა ჩვენივე სიგიჟის, ანუ სხვანაირად, ჩვენი პერსონალური ბედის და ტრაგედიის.
ყველაზე მომნუსხველი სცენარის მასშტაბია, რომელიც არ ყვება ერთ ისტორიას და არ ცდილობს რაღაც ხდომილებები და სიუჟეტის კვანძის გახსნები იყოს ეფექტური მაყურებლისთვის, დასასრული არაა დასასრული და გამორკვევა არაა გამორკვევა. მთელი სიღრემე გამოძიების, სცენარის მიღმაა და ამ სიღრმის ფსკერი ჩვენ ვართ. მიმეზისური შინაარსი სწორედ ასე ახდენას ავტორიზაციას ჩვენში.
ესაა ამბავი ერთ პატარა ქალაქზე, სადაც სცენარში თითქმის ყველა მცხოვრებია ჩართული, რომლიც რაღაც ძალაუფლების ნებას ატარებს. მათგან ყველას აქვს საიდუმლო, ზედაპირსმიღმიერი ისტორიული კავშირები ერთმანეთთან. ყველა პერსონაჟი საბედისწეროდაა ერთმანეთზე მიბმული, როგორც რეალურ ცხოვრებაში. თითქოს, რაფერი არ უნდა მოხდეს, და უცებ ეს ისტორია რაც არ ვიცით, ამოხეთქავს თავისი ტრაგიზმითა და საშინელებით. თუმცა ესეც ამოხეთქვა არ არის მხოლოდ ფაქტების მიზეზშედეგობრივი კავშირი. მათ მიღმა კიდევ სხვა სიგიჟისა და ხილვების რეალობაა, რაც განსაღვრავს ყველაფერს.
(მე მაქსიმალურა ვცდილობ არ დავასპოილერო ვინმე) საქმე ისაა რომ, რაც ზემოთ აღვნიშნე ალეგორიების ვერ ახსნაზე, ეს არ აკნინებს სერიალს, რითაც გამოირჩევა ეს სერიალი სხვა მისტიკური თუ ფანტასტიკური სერიალებისგან. არანაირ შანს არ უტოვებს კონო მცოდნეს რომ ახსნას აქ რა ხდება, რადგან ამისი ახსნა სრული გაბანძება იქნებოდა თავდ იმ ტექსტის რაც იქნებოდა ახსნა.
ესეიგი ლინჩი ახერხებს იმას, რომ მისი ფილმი არ დაიყვანება ტექსტზე რომლის დეკონსტრუქციაც შეიძლება სხვა ტექსტად, ტექსტად რომელიც თავად ჩაანაცვლებდა ფილმს თავისი სინამდვილით.
ეს არის სერიალი რომელსაც ვერავინ ვერ მოგიყვება და თუ მოგიყვება, ეს არაფერს არ ჩაანაცვლებს. რადგან ყველა პერსონაჟის ბედი მნიშვნელოვანია და უშვალოდ განცდადი, რადგან თავად მსახიობები განიცდიან სცენარს როგორც ბედის მიმართ გაფითრებასა და ძრწოლას, ამ ძრწოლის ზღვარზე იჯერებ რომ რეალობა სულ სხვანაირია და სამყაროში არსებული ბოროტება და სიკეთე, სივარული და შიში  მხოლოდ გარე მახასიათებლებით ვიცით რა არის, მათ სიღრმეში შესვლა კი, მხოლოდ მსგავსი ცნობიერების ენითაა შესაძლებელი, როგორადაც ლინჩი მეტყველებს.

Comments