COVID 19 რომის დაცემა



წინამდებარე ტექსტი არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური ასოციაციები თვითიზოლაციის დროს დაწერილი და არ შეესაბამება სინამდვილეს

ემანუელ მაკრონმა კორონა ვირუსს უხილავი მტერი უწოდა. ისტორიას ახსოვს ,,ცივი ომი'', თუმცა მაშინ ხომ მტერს ადამიანისა და მის მიერ შექმნილი სისტემის  სახე ქონდა...

 ერთ-ერთი ჟურნალისტის იტალიაში სტუმრობას ვადევნებდი თვალს (მანამდე, სანამ იქ ეპიდ აფეთქება მოხდებოდა) და მან თქვა, რომ აქ დაძაბულობა არ იგრძნობა და ხალხი ჩვეულებრივად არის, ისევე, როგორც ადრე იყოო. დადიოდა ქუჩებში და ადამიანების ღიმილიან სახეებს აჩვენებდა კადრში. ჟურნალისტი ძალიან გულწრფელი იყო, როცა COVID 19-ის აღმოჩენას ადამიანების სახეებში ცდილობდა...

შეიძლება ითქვას, რომ ამ ვირუსმა შეცვალა ძველი დროის ადამიანის პარადიგმა და დღეიდან იქმნება ახალი ტიპის ადამიანი(ვიცი, რასაც ახლა ვამბობ ასეთი რამ ბევრჯერ უთქვამთ და არაფერი შეცვლილა).
სინამდვილეში, რომი ახლა დაეცა. რომის დაცემა საუკუნეების წინ არ ნიშნავდა რომაელის არქეტიპის სიკვდილს. ის  დღემდე ცოცხალი იყო იტალიელშიც და ჩვენშიც. და რას ნიშნავს იყო რომაელი? ეს ნიშნავს, შეგეძლოს ტანზე მოირგო შენი ზომის აბჯარი, იარაღი, იბრძოლო და გაიმარჯვო. დღეს კი, ჩვენ აღარ დაგვიცავს ჩვენი ზომის ჯავშანი და მტერი სულიერი სულაც არ არის.

თუმცა, მაინც რა ტიპის უხილავი მტერია ეს? მაგალითად,  სულიერი პრობლემები, რაც, თუნდაც მარკუს ავრელიუს ქონდა, სულაც არ იყო იმპლემენტაციით მოგვარებადი. ასე რომ, შეგვიძლია რამდენიმე რეალობა გამოვყოთ, რაშიც ადამიანი დღემდე არსებობდა. ესენი იყვნენ: შიდა და გარე სივრცის( სახლისა და საზოგადოების), ეგზისტენციალური, მითოსური, რელიგიური, ბრძოლის, აღმშენებლობის, მეცნიერების, კომუნიკაციის (ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს).  აქედან ბევრი ხილულია, ბევრიც სულიერი და უხილავი. თუმცა, თანამედროვე სამყაროში არ უარსებია ისეთ ძლიერ მტერს, რომელიც თან უხილავია და თან არა.  ფიზიკურად არსებობს ვირუსის სხეული, მაგრამ ვერ ვხედავთ. აქამდეც იყო შავი ჭირი ან სხვა დაავადებები ისტორიაში, მაგრამ მათთან ბრძოლის იარაღად ადამიანს მეტი რელიგიურობა ჰქონდა. უხილავ მტერთან ბრძოლაში მხოლოდ უფალს შეეძლო დახმარება. არც კი არსებობდა დაშვება რომ შავი ჭირი ცოდვების გამო არ არის. პირიქით, დაავადებები უფლის დანიშნულების მიზეზსაც ამართლებდნენ ხალხურ ცნობიერებაში. დღეს კი, ასე აღარ ფიქრობს თანამედროვე ადამიანი...

დღეს, ეს გარემოება  აღრმავებს რეფლექსიას იმ ტიპის უხილავი არსებებისკენ, რომელთა აღქმაც ყოველდღიურ ყოფაში, ჩვენთვის არანაირ კულტურას და არც ბუნებას უსწავლებია. ვიღაცეებისთვის დღესაც უფალია ერთადერთი იმედი.  საერთოდ, არ ვიცით სწორად როგორ მოვიქცეთ. ადამიანი დღემდე ჩამოყალიბდა ისე, რომ თავად ადგენს ზომას, როგორც პროთაგორა იტყოდა:  "ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა: – არსებულთა რომ ისინი არიან, და არარსებულთა, რომ ისინი არ არიან". დღეს, კი, იმ რეალობაში ვართ, სადაც არ შეგვიძლია გავზომოთ უხილავი მტერი.  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ზომის სამყარო სრულდება.  ,,რომაელი ჯარისკაცის'' შესაძლებლობები აღარაფერია. დღეს რომაელი თავისი არქეტიპიანად ინაცვლებს მუზეუმში. ისინი თუ ადრე ასე გამოიყურებოდნენ:



დღევანდელი, ,,რომაელის'' ჯავშანი ალბათ ასე გამოიყურება

    

   ეს ფოტოებია ვიდეოდან, რომელშიც კორონა ვირუსისგან შეშინებული ადამიანი დინოზავრის ფორმაში ჩაცმული, ნაგვის გადასაგდებად გამორბის, აგდებს და უკან გარბის. ეს ვიდეო მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა უკვე. ეს არის თანამედროვე ადამიანის აბსოლუტურად დაუცველობის ხატი. ასე ჩანს მთელი ჩვენი ადამიანური კულტურა და ცივილიზაცია.
კორონა ვირუსი დაახლოვებით გავს კოღოს, რომელიც შემოფრინდა ოთახში და მოსვენებას არ გაძლევს, ოღონდ შეუდარებლად უფრო საშიშია.  რაც არ უნდა აბჯარი ჩაიცვა და ბოლო მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნო, აზრი არ აქვს ასე მასთან ომს, შენ იქნები სასაცილო.  

აქვე, გამახსენდა სცენა სერიალიდან Breaking Bad, სადაც მეცნიერი და კრიმინალი ქიმიკოსი, ღამეს ათენებს ლაბორატორიაში შემოპარული ბუზის მოსაკლავად.  ამ სერიალში ეს პასაჟი ერთგვარი გადახვევაა მთლიანი სცენარიდან. მაგრამ როგორი გადახვევაა კორონა ვირუსი სამყაროსეულ სცენარში? მთელი მსოფლიოს ეკონომიკა თითქმის ჩამოშალა უხილავმა არსებამ. აქამდე უხილავი მხოლოდ სიკვდილი იყო თანამედროვე ცივილიზაციისთვის, თუმცა სიცოცხლის დაზღვევამ ისიც კი ხილული პროდუქტი გახადა. სიკვდილი ბაზრის სიცოცხლისუნარიან რეალობას ვერ შეარყევდა.   ღმერთი კი იყო ის, რაც ,,მოკვდა'', რელიგიური ადამიანი უფუნქციო, მითები ღიმილის მომგვრელი და ა.შ
  
ანტიკურობაში ადამიანი იყო ის, ვისაც არ შეეძლო რაიმეს კეთება იმაზე კარგად, ვიდრე ეს ღმერთებს შეეძლოთ. გავიხსენოთ დემეტრას შურისძიება აგამემნონზე, რომელმაც ირემი მოკლა და დაიტრაბახა თავისი უნარებით. იყვნენ ღმერთ კაცებიც, როგორიც იყო ჰერაკლე, მაგრამ ადამიანი ღმერთი არ იყო. მაშინდელი დაავადებები მაინც უხილავი ძალების ზემოქმედებად, წინასწარმეტყველებად მოიაზრებოდნენ და მათთან საბრძოლველად რელიგიური რიტუალები, შელოცვები კმაროდა. დღეს, კი, ადამიანის იმპლემენტაციის უნარი უსასრულოდ მცირეში გახდა აუცილებელი. ანუ ბერძნული პარადიგმა თავდაყირაა. დღეს იმით ისჯები რომ ღმერთი არ ხარ, ვერ ხედავ და ანადგურებ თვალით უხილავ არსებებს. 

ალბათ, ახლა ხელოვნებასა და აზროვნებას  ტრანსგრესიის შესაძლებლობა ეძლევა. რეალობა სადაც შენს ზომაში, შენს ტყავში არ გაქვს დაცულობის, ყოვლისშემძლეობის შეგრძნება, გარკვეულწილად, უკვე არის   ახალი სულიერი მდგომარეობა.  კორონა ვირუსი შეიძლება მივამსგავსოთ 11 სექტემბრის მოვლენებს, როცა ჰოლივუდური ფილმები სინამდვილე გახდა და დასრულდა პოსტმოდერნი. 

მომავალში, ალბათ შეიქმენებიან აპარატები რომლებითაც  დავინახავთ ყველა ბაქტერიასა და ვირუსს ჩვენს გარშემო, და მეტად ფრთხილები გავხდებით.  ხატოვნად რომ ვთქვა,  ჩვენ,  გოლიათებიც ვიქნებით და ლილიპუტებიც. ჩვენ თანდათან, უსასრულოდ დიდ კოსმოსსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის განვზავდებით. კაცობრიობამ რომ კოსმოსი აითვისოს  ჩვენ, როგორც პოპულაცია უნდა  გადავრჩეთ.
ეს პრობლემები არ იარსებებდა, მხოლოდ დედამიწის ფაუნას რომ წარმოვადგენდეთ. გამოსავალი ვერც  პროექტების გაუქმება და ბუნებაში გაქცევა იქნება. ადამიანის ეს ინტენცია როდის გაჩნდა რთული სათქმელია, ალბათ მოდერნის დროიდან და მეცნიერებაში ნაპოვნი ახალი შესაძლებლობებიდან, თუმცა სტარტი უკვე აღებულია და ცივილიზაციას  კატაკლიზმები მხოლოდ მცირედით თუ შეაფერხებენ. ამიტომ, მომავლის ადამიანის ცნობიერების ინტერესი მოიცავს როგორც მიკრო, ასევა მაკრო სამყაროებს. კომიქსურად რომ დავხატოთ, ბილ გეიტსისა და ილონ მასკის ტვინები შეერთდება...

 ანტიკურობიდან დღემდე ადამიანური შეცდომები აუცილებელი იმპულსი იყო დრამისთვის და რეალობა კი, მხოლოდ ადამიანურ დრამას შემოწერდა. ასე რომ, მომავლში დრამაც შეიცვლება და ადამიანების კონფლიქტი(ომი, ბრძოლა, მოგება-წაგება) ნელ-ნელა დაკარგავს ყველაზე საინტერესო სანახაობების ტიტულს.

ალბათ, მომავალი ახალი სანახაოებებისთვის გვჭირდება და ამიტომაც ვქმნით. არ შეგვიძლია სანახაობის გარეშე ყოფნა, გაუკვირვებლად ყოფნა. ყოველი ახალი მოდელის ელექტრო მოწყობილობას ამიტომაც ველოდებით ასეთი ინტერესით. პრინციპში, თანამედროვე ადამიანის ყველაზე ძირითადი აღწერა მისი სიახლის მიმართ აპრიორული ინტერესია.



 



















Comments