ეს რა არის?— სად? —გარეთ.

 ამ ტექსტის დაწერას ვიწყებ მთლიანად ცნობიერების ნაკადით და არ მინდა რომ აკადემიური ესეს სახე ქონდეს. კონსერვატიული სამყაროს აღქმა არ მომწონს, რომ თითქოს ჩვენ არაფერს არ ვცვლიდეთ სამყაროში. ჩემი აზრით, ხელოვნება პირველ რიგში არსებობს იმისთვის რომ შექმნას სივრცე და შეცვალოს სამყარო. ეს გაგება ეფუძნება ყოფნის ესთეტიკურ და ეთიკურ გაგებას(ცოტა ხმამაღლაა დაწრრილი). აქ უტყუარი დებულებების დაწერას არ ვაპირებ, არც მევალება ვინმეს რაიმე დავუმტკიცო. ჩემი ინტუიციით ვგრძნობ რომ ყოფნას არანაირი არსი არ გააჩნია და არც ონტოლოგია გადმოსცემს რეალობას. ყოფნას რომ არსი ქონდეს, მაშინ უნდა გავამართლოთ ნებისმიერი ბოროტება და ეს არსობრივად უნდა მივიჩნიოთ. ონტოლოგიას რომ სიმართლეს ამბობდეს საგანზე, მაშინ ტანჯვის შემსუბუქება და რეალობაში რაიმეს ცვლილება კი არა, მისი ბედისწერად მიღება მოგვიწევდა. ონტოლოგიურში საგანი იხლიჩება აზრსა და მის რეალურ ყოფნას შორის და მაინც უკავშირდება იდენტურს, ანუ ენას. როგორც ჰაიდეგერი ამბობს რომ ყოფიერების სახლი ენააო. 

აქ ადორნოს შეხედულებების ინტერპრეტაცია რომ მოვახდინო ონტოლოგია და არსის ძიება ისევ ინსტრუმენტალურ გონებას უკავშირებს ყოფიერებას, რაც საფრთხის შემცველია ყველასთვის. ამიტომ აზროვნება უნდა გახდეს ესთეტიკურჯ და მიმართული საგანში მისი არაიდენტურის აღმოჩენისკენ, ანუ იმისკენ რაც ენაშიც არ შემოდის მაგრამ არის სრულიად განსაკუთრებულად და მკაფიოდ დანახული, როგორც კონკრეტული ადამიანის სილამაზე, რონელიც თავიდან არ ამოგდის, მაგრამ ამ სილამაზეს ზოგადი აზრებით ვერ მოიხელთებ, მისი აღქმა თავად მისგან მოდის და შენ იხსნები ამ სახისთვის. ის ზემოქმედებს შენზე და შენ არ ათავსებ მას წინმსწრებად, შინაგანად განხმობილ და გაგებულ ცოდნაში, რადგან ეს ცოდნა უბრალოდ არ გაქვს მასზე. ის არის ახალი შინაარსი შენს თვალსაწიერში და მოულოდნელი. მას წინმსწრებად ონტოლოგიურად და არსობრივად ვერ შეიმეცნებ და ვერ დაელოდები შენს გაგებაში როგორც ნაცნობს. 

ზუსტად იგივეა მიმართებაა ფეხბურთელსა და ბურთს შორის. ფეხბურთელს ბურთის არსი და ფიზიკის კანონები ჭვრეტაში კი არ აინტერესებს, არამედ აინტერესებს ბურთი როგორც ესთეტიკური საგანი. ბურთი რომ გაიგო ბურთმა ქანცი უნდა გაგაძროს, უნდა ეურთიერთო და ისწავლო როგორია ის როგორც მატერია, რა შეუძლია მას და რა შეგილია შენ გააკეთო მისგან. —ერთხელ მესიმ თქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სად არის ბურთიო. —და არა შენ სად ხარ ან როგორ ირბინე და მოატყუე ვიღაც, არამედ თამაშის არსი არის ბურთის ესთეტიკურ ხასიათში და მის სრულიად მოულოდნელ მოძრაობისა და ადგილმდებარეობის გამოცნობაში, რომ შეუცვალო მას მიმართულება და წაიღო კარისკენ. თუ დააკვირდები ჩოგბურთელები ფეხითაც კენწლიან მათ ბურთს და ფეხბურთელები კალათშიც კარგად აგდებენ. რადგან თავად ბურთის შესაძლებლობას ეცნობიან.

და საერთოდ, რაში მჭირდება მე ფილოსოფია და არსის ჭვრეტა თუ ფილოსოფია ყავას ვერ დამალევინებს. ან წყაროზე ჩამიყვანს და წყალს არ დამალევინებს. მე მინდა განვიცადო ბედნიერება როცა დილის ყავას ვსვამ და შევიყვარო ჩემი დილის ყავა მთელი ჩემი გულით და მთელი ჩემი სულით. და თუ არ არის ეს ყავა სრულიად მოულოდნელი და ამავედროს  ის რაც თავად არის, არამედ ჩემს მიერ წინასწარ განსაზღვრული ემოციაა, მე მას ვერ შევიყვარებ. რადგან მე დახურული მაქვს გული და არ ვანებებ ამ სითხეს იმოქმედოს ჩემზე ისე როგორც უნდა. ანუ რომ შევიმეცნო, წინმსწრებად კი არ უნდა ავაგო მასზე ემოციური წარმოდგენა, როგორც დაზაინმა რომელისთვისაც სამყარო დაკავშირებულია რაღაც უფრო დიდ სიმართლესთან ვიდრე თავად მატერიაა, არამედ მატერიამ უნდა მასწავლოს ემოცია. დაზანი ვერ შეძლებს შეიყვაროს დილის ყავა, რადგან მისთვის რეალობა რაც ამ ყავას ქმნის გადაწყვეტილია მატერიის მიღმა, როგორც მისი გაგება და ყოფიერება. ამიტომ დაზაინი ყავას რომ უყურებს რაღაც ზოგადს და შემაძრწუნებლად მოუხელთებელს ხედავს. მარტივად რომ ვთქვათ, ის მატერიას ვერ ეხება და ვერ განიცდის სიყვარულს მის მიმართ, ის თავად ვარდება ნაპრალში, მაშინ როცა, თავად უნდა გახდეს ნაპრალი და ყავა მასში ჩაიღვაროს.

და რა არის სიყვარული? შეიძლება გიყვარდეს ვიღაც, ვინც ემსგავსება სხვებს? რაღაც იდენტობის მატარებელი ტიპი საინტერესოა მანამ სანამ ეს იდენტობა გაინტერესებს და შემდეგ მისგან აღარაფერია მოსალოდნელი და საინტერესო. თუ მასში არ არის შენთვის რაღაც სრულიად არაიდენტური სხვებთან, და თუ ეს დეტალების მთლიანობა არ გაძლევს განცდას რომ მას ვერასოდეს შეელევი, მაშინ როგორ გიყვარს?

და აქვე ისევ შემოვიყვანოთ ქრისტეს სიტყვები, რომ თავდაპირველი ცნება არის გიყვარდეს ღმერთი შენი, მთელი შენი გულით და მთელი შენი სილითო. და რაღაც ტრანსცეხენტალური არსი როგორ უნდა გიყვარდეს? ან ონტოლოგიური არსი როგორ უნდა გიყვარდეს? თუ არსს ოდნავ მაინც დალანდავ შენს გონებაში და შეიყვარებ, მას არანაირი კავშირი არ ექნება ღმერთთან ან იმასთან რაც უნდა გიყვარდეს, რადგან ის იდენტური იქნება შენი წარმოდგენების. და რა შეიძლება იყოს უფრო არა იდენტური ვიდრე ყველაფრის შემომქმედი? — არსებობს, თუ არა ღმერთი ეს არ არის მნიშვნელოვანი კითხვა და თუ რა დავინახოთ, აბა. უფრო მძაფრი და იგივე კითხვაა,— არსებობს ყავა? თუ ყავა არსებობს ყოველგვარი ონტოლიგიის და ალეთეიების მიღმა, თავად ყავა თუ არსებობს გარეთ, რომელიც ჩემზე ზემოქმედებს, ესე იგი ყველაფერი არსებობს და ჩვენ გადავრჩით! ესე იგი ჩვენც ვართ. 

თუ გარე არსებობს და თუ გარე მაყენებს, ასევე, ტკივილს, ხომ არაფერია ტკივილზე უფრო დამაჯერებელი? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, თუ ტკივილიც ჩვენი წარმოდგენა გვგონია. თუ ყავა ვერ, ტკივილი აშკარად მიდასტურებს გარეს არსებობას და თუ გარეთ არსებობს, და ის არ არის სადღაც ისევ ჩემში ან ყოფიერების არსზე წარმოდგენაში ჩაკარგული,  მაშინ ყველაზე მთავარი რაღაც ხდება! მაშინ მე შემიძლია გარე შევცვალო. 

და ეს არის, ყველაფერი სხვა სისულელეა, თუ კი შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო რომელიც ტკივილს გვაყენებს, უნდა შევცვალოთ. არ უნდა მივიჩნიოთ რომ ვერაფერს შევცვლით და რომ ტკივილი ჩვენში ონტოლოგიურად მოცემულია და რომ თითქოს ეს ეგსისტენციის ნაწილია. ასე ფიქრი ამართლებს ოსვენციმსაც და მსხვეფპლი გამოყავს დამნაშავე. ტკივილს აქვს კონკრეტული მიზეზი და ის გარედან მოდის. 

სიკვდილიც გარედან მოდის და თავისუფლების შეზღუდვაც გარედან მოდის, მარტობაც გარედან მოდის. 

და საერთოდ, ფერები არსებობენ გარეთ და თუ მხატვარი ხარ ფერები უნდა შეისწავლო. ფერი შენში ნამდვილად არ არის. ფერი შენგან არ მოდის. ფერზე მოუსაზღვრავი და ამოუწურავი არაფერია. ფერი უნდა შეისწავლო, და უნდა შეისწავლო მისი ზემოქმედება შენზე. და უნდა შეიყვარო ფერები მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და ასევევე, ბგერები დს სიტყვები და აშ. 

და აბა რა მოდის შენგან? შენგან მოდის თავად ის, რაც შენ გაგაქვს სამყაროში და თუ სამყაროს ვნებ, ოდნავ მაინც, აი ამიტო მწუხარე ფონი სრულიად ნორმალურია რომ გქონდეს. რადგან სამყარო არ არის იდეალური და ჩვენ გვიწევს ენერგიის მოხმარება შეზღუდული რესურსების სამყაროში. სწორედ ამიტომ, ესთეტიკური და ეთიკური აზროვნება გვჭირდება. 


Comments